top of page

,,ემპი დეველოპმენტმა“ რიგით მე-13 საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტრი ,,გორი მოლი“ გახსნა

გორში კომერციული უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანიამ ,,ემპი დეველოპმენტმა“ საქართველოს მასშტაბით რიგით მე-13 მოლი საზეიმოდ გახსნა. „გორი მოლი“ ქალაქის ცენტრში, ცხინვალის გზატკეცილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩის კვეთაზე მდებარეობს. მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს.



აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის რეგიონში "გორი მოლი" პირველი საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტრია, რომელიც ბიზნესს უნიკალურ შანსს აძლევს აითვისოს რეგიონის შესაძლებლობები და უკვე გორშიც წარმოადგინონ თავიანთი ბრენდები.


,,გორი მოლში“ წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდები როგორიცაა: ჰიპერმარკეტი “კარფური,” “სუპერი”, “ალტა”, “ზუმერი”, “ჯიპისი”, “ნავნე”, “დეფაქტო”, “მინისო”, “მანამო”, “დანკინი”, “ქეი ეფ სი”, საბავშვო გასართობი ცენტრი და სხვა. ორსართულიან, 15.000 მ2-ზე გაშლილ სავაჭრო ცენტრში მომხმარებელს სასიამოვნო გარემო, საკვები ობიექტები და სხვადასხვა გასართობი სივრცე დახვდება. ,,გორი მოლის“ სტუმრებს 150 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე ზონა მოემსახურება.


,,დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა, რადგან გავხსენით რიგით მეცამეტე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრი ქალაქ გორში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ,,გორი მოლში’’ ამ ეტაპზე 500-მდე ადამიანია დასაქმებული და რეგიონში ყველაზე მასშტაბურ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს. რაც მთავარია, მოლის გახსნას ადგილობრივი მოსახლეობა დიდი სიხარულით შეხვდა. ,,ემპი დეველოპმენტის“ მთავარი მიზანი, რეგიონში საერთაშორისო ბრენდების შეყვანა და ადგილობრივთა დასაქმებაა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.“ - აღნიშნა ,,ემპი დეველოპმენტის“ დირექტორმა პაპუნა კაციტაძემ.


კომპანია „ემპი დეველოპმენტი“ 2012 წლიდან საქართველოს ბაზარზე კომერციული უძრავი ქონების განვითარებით და მართვით არის დაკავებული. ამჟამად კომპანიის პორტფელში თბილისსა და რეგიონებში 13 მცირე და საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრია, რომელშიც 300-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდის მოიჯარეა. ,,ემპი დეველოპმენტი“ არის მაკავშირებელი ბიზნესსა და მომხმარებელს შორის. უახლოეს პერიოდში კომპანია ახალი, გრანდიოზული მოლის გახსნას თელავში გეგმავს.


bottom of page